ლორი: 1899
რა ხდება დასავლეთში 1899 წელს, ვინ მართავს მიწას და საიდან მოდის შენი პერსონაჟი.
1899 წელია და დასავლეთი იცვლება. სადაც ათი წლის წინ მხოლოდ ბილიკი და კოცონი იყო, ახლა რკინიგზა გადის, ბანკი იღება და შერიფი ზის. ბანდების დიდი დრო მთავრდება: ზოგი ჩამოახრჩვეს, ზოგი დაიფანტა, ზოგი მთებში მიიმალა. მაგრამ ქალაქებს შორის გზები ისევ გრძელი და ცარიელია, და კანონი ყველგან ვერ აღწევს.
ეს Red Dead Redemption 2-ის სამყაროა, ამბავი კი ჩვენია. თამაშის გმირები აქ არ ცხოვრობენ — მათზე მხოლოდ ჭორები დადის. რაც ამ მიწაზე მოხდება, თქვენ დაწერთ.
მიწა და მისი ხალხი
ნიუ ჰანოვერი
ვალენტაინის პირუტყვის ბაზარი, ანესბურგის მაღაროები და ჰანოვერის ველები. მესაქონლეების, მაღაროელებისა და მოხეტიალე ხალხის მხარე.
ლემოინი
სენ-დენი ყველაზე დიდი და მდიდარი ქალაქია: ქარხნები, ნავსადგური, თეატრები და შტატის მთავრობა. ირგვლივ ჭაობები და ბამბის მინდვრებია, სამხრეთით კი როუდსი — პატარა და ამაყი ქალაქი.
უესტ ელიზაბეთი
ბლექუოთერი ახალი, მზარდი ქალაქია ტბის პირას. მას საკუთარი მერი ჰყავს და რკინიგზაც სწორედ მისკენ მიიწევს: ახალი ხაზი თივზ-ლენდინგიდან ბლექუოთერამდე უკვე გადის. ჩრდილოეთით ტყეებია, სტრობერი და ხე-ტყის კომპანიები.
ამბარინო
თოვლიანი მთები, სადაც ზამთარს მხოლოდ მონადირეები და მეტყევეები უძლებენ. გრიზლის მთებში ვაპიტის რეზერვაციაა: მისი ხალხი საკუთარ მიწაზე საკუთარი წესით ცხოვრობს.
ნიუ ოსტინი — სასაზღვრო მიწა
სადავო უდაბნო ორ ქვეყანას შორის. აქ მექსიკელები ცხოვრობენ და ამერიკის კანონზე მეტად მექსიკის წესრიგი მოქმედებს. ტამბლვიდის მიწა მექსიკელებს ეკუთვნის, არმადილო კი საზღვრის ქალაქია, სადაც ორივე მხარის ხალხი ვაჭრობს.
გუარმა
კუნძული კარიბის ზღვაში, კუბის მმართველობის ქვეშ: შაქრის პლანტაციები, ჯუნგლები და სიცხე. იქ მხოლოდ ზღვით მოხვდები.
ვინ მართავს
შტატის მთავრობა სენ-დენის მერიაში ზის, გუბერნატორის მეთაურობით. მთავრობა გასცემს ლიცენზიებს, აგროვებს მოსაკრებლებს და განაგებს ხაზინას — დეტალურად.
ქალაქები თავის საქმეს ადგილზე წყვეტენ: ბლექუოთერს საკუთარი მერი ჰყავს.
შერიფები ქალაქებში წესრიგს იცავენ და დამნაშავეს ციხეში პატიმრის ეტლით აგზავნიან. გზები გრძელია, შერიფები კი ცოტა — ქალაქს გარეთ ბევრი რამ შენზეა დამოკიდებული.
ექიმები ყველას მკურნალობენ, ვინც მათ კარს მიადგება — კანონის მსახურსაც და კანონგარეშესაც.
ფული და შრომა
დასავლეთი მუშა ხელით ცოცხლობს. მეტყევე ხეს ჭრის და ხე-ტყის კომპანიაში ზიდავს, მაღაროელი მადანს იღებს, ფერმერი მოსავალს მოიყვანს, რანჩოს პატრონი ნახირს ზრდის, მონადირე კი ყასაბს ტყავსა და ნანადირევს მიჰყიდის. ტვირთი ეტლებით მიდის ქალაქიდან ქალაქში, ხელოსნები კი იარაღს, საჭმელს და წამლებს ამზადებენ. ერთის შრომა მეორის ნედლეულია — ასე ტრიალებს მთელი ეკონომიკა. ყველა ხელობა.
საფრთხეები
ქალაქს გარეთ მგლები, დათვები და ალიგატორები ნადირობენ, მთებსა და ჭაობებში კი ლეგენდარული ცხოველები ცხოვრობენ — მათზე სანადიროდ მთავრობა ლიცენზიას გასცემს. ძველი ბანდების ნარჩენები ისევ დათარეშობენ გზებზე, და ყოველთვის გამოჩნდება ვინმე, ვინც სხვის ქონებას საკუთარზე მეტად აფასებს.
საიდან ხარ
პერსონაჟის შექმნისას ირჩევ, სად ცხოვრობ და ვისი საბუთები გაქვს: ამერიკა, მექსიკა (ნიუ ოსტინის სასაზღვრო მიწა), კუბა (გუარმა) ან ვაპიტის რეზერვაცია. წარმოშობა ცალკე იწერება: შეიძლება იყო ირლანდიელი ამერიკული საბუთებით ან ჩინელი — კუბურით. ორივე შენი ამბის ნაწილია: საიდან ჩამოხვედი, რას გაურბოდი და რას ეძებ აქ.
ლორის წესები
- თამაშის სიუჟეტის პერსონაჟებს (არტურ მორგანი, დატჩ ვან დერ ლინდე, ჯონ მარსტონი და სხვ.) ვერ ითამაშებ და ვერც მათ ნათესავს მოიგონებ.
- თამაშის ცნობილ ამბებზე შეიძლება გსმენია, მაგრამ შენი პერსონაჟი მათში არ მონაწილეობდა.
- რეალური ისტორიის ტრაგედიები — მონობა, გენოციდი, რეალური ომები — RP-ის მასალა არ არის (წესი 2.11).
- ტექნოლოგია, ჩაცმა, ლაპარაკი და სახელები 1899 წელს უნდა შეეფერებოდეს.